BBC News-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სირიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰუსამ ლუკა, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება.
ვინ არის ჰუსამ ლუკა?
ჰუსამ ლუკა სირიის უშიშროების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო სპეცსამსახური იყო.
იგი ბრალდებულია ასადის ოპონენტების წამებაში, მკვლელობებსა და სხვა მძიმე დანაშაულებში.
დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ იყო დაწესებული სანქციები.
ინფორმატორთა ფართო ქსელისა და მჭიდრო კავშირების გამო, რომელიც მას ყველაფრის საქმის კურსში ყოფნის საშუალებას აძლევდა, ლუკას მეტსახელად "ობობა" შეარქვეს.
2024 წლის დეკემბერში, ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, იგი მოულოდნელად გაუჩინარდა.
უბის წიგნაკი და გაქცევა დამასკოდან
რეჟიმის დამხობის შემდეგ, BBC-ის ჟურნალისტებმა დამასკოში ლუკას მდიდრულ ბინაში შეაღწიეს. მათ მთავარ აღმოჩენად უბის წიგნაკი იქცა, რომელშიც 155 სატელეფონო ნომერი ეწერა. მათ შორის იყო ექიმების, სამხედროების, ლუკას ნათესავებისა და ყოფილ რეჟიმთან დაკავშირებული სხვა პირების კონტაქტები. მათი უმეტესობა ზარს თიშავდა ან აცხადებდა, რომ ლუკას არ იცნობდა.
ჟურნალისტებმა ლუკას სახლის ყოფილ დაცვის წევრთან დაკავშირება შეძლეს, რომელმაც მათ მაღალჩინოსნის პირადი მცველის ნომერი გადასცა. მცველის განცხადებით, რეჟიმის არსებობის ბოლო საათებში ლუკა პირობას დებდა, რომ დარჩებოდა და დამასკოს დაიცავდა, თუმცა მეორე დილითვე გაუჩინარდა და სეიფიდან დიდი რაოდენობით თანხა წაიღო.
რუსული კვალი
ლიბანის მთავრობაში არსებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ლუკამ ლიბანის ტერიტორია სხვა სახელზე გაფორმებული რუსული პასპორტით გაიარა, რის შემდეგაც რუსეთში გაფრინდა.
მოგვიანებით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუსული სატელეფონო ნომერი, რომელიც წყაროს მტკიცებით, ლუკას ეკუთვნოდა. სატელეფონო საუბრისას აბონენტმა სწორად უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი მხოლოდ დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს შეეძლო სცოდნოდა, რის შემდეგაც მან ზარებზე პასუხი შეწყვიტა. BBC-მ, ციფრული მონაცემების გამოყენებით, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი მოსკოვში დაადგინა.
რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი BBC-ის მოთხოვნაზე, დაედასტურებინა იმყოფება თუ არა ლუკა რუსეთში და განიხილავს თუ არა მოსკოვი სირიისგან მისი ექსტრადიციის შესაძლო მოთხოვნას.
სირია ლუკას ექსტრადიციას ითხოვს
სირიის ახალმა მთავრობამ დაადასტურა განზრახვა, რომ სპეცსამსახურების ყოფილ ხელმძღვანელებს პასუხისგებაში მისცემს. სირიის გენერალურმა პროკურორმა, ჰასან ალ-ტურბამ განაცხადა, რომ ლუკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული განზრახ მკვლელობისა და წამების მუხლებით. ქვეყნის შიგნით უკვე გაცემულია მისი დაკავების ორდერი და მიმდინარეობს მუშაობა მის საერთაშორისო დონეზე გასავრცელებლად.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელსაც ჰუსამ ლუკას უკავშირებენ, 2015 წლის სექტემბერში ქალაქ ჰომსში მომხდარი ე.წ. "იდ ალ-ადჰას ხოცვა-ჟლეტაა". მაშინ, უფლებადამცველების მონაცემებით, 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი და 4 ქალი.
დაღუპულთა შორის იყო 7 წლის ვაელი. წლების შემდეგ, მისმა მამამ ჟურნალისტებს აჩვენა საბავშვო მოედნის ტერიტორია და გაიხსენა, თუ როგორ ეძებდა დაბომბვის შემდეგ გარდაცვლილებს შორის საკუთარ შვილს. სირიელი აქტივისტების ცნობით, სწორედ ლუკა იყო პასუხისმგებელი ამ რაიონში სამიზნეების შერჩევაზე. თავად ჰუსამ ლუკას ამ ბრალდებებზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია.




