თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში გემებზე დარტყმების შეჩერების (მორატორიუმის) შესახებ შეთანხმება შესთავაზა. ანკარამ საკუთარი წინადადება უკვე გადასცა ორივე მხარეს და ახლა მათ პასუხს ელოდება. ამის შესახებ შაბათს, 8 აგვისტოს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, თურქეთმა მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, შექმნან მექანიზმი, რომელიც შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის შესაძლებლობას მისცემთ. ფიდანმა აღნიშნა, რომ მსგავსი თხოვნით მანამდე უკრაინულმა მხარემაც მიმართა.
"სამხედრო მოქმედებები შავ ზღვაში სამოქალაქო ნავიგაციასა და კომერციულ გადაზიდვებს საფრთხეს უქმნის," — განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში.
მისი განმარტებით, თავდასხმის სამიზნე ხდება თურქული კომპანიების კუთვნილი გემები, ასევე ის ხომალდები, რომელთაც თურქი მფლობელები ჰყავთ, ან რომელთა ეკიპაჟის წევრებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. "ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა," — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ანკარას ეს მოწოდება შავ ზღვაში გახშირებული თავდასხმების ფონზე გაჟღერდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქული კომპანიების კუთვნილ ორ გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმების შედეგად ეკიპაჟის წევრები, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები დაშავდნენ.
4 აგვისტოს თურქეთის საგარეო უწყებამ კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღონ კონკრეტული ზომები შავ ზღვაში ნავიგაციის დასაცავად. ანკარაში აფრთხილებენ, რომ საომარი მოქმედებების შემდგომმა გაძლიერებამ შესაძლოა, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც.
მზარდი საფრთხეების ფონზე, თურქეთმა შავ ზღვაში კომერციული გემების მოძრაობის შეზღუდვაც დაიწყო. Bloomberg-ის მონაცემებით, თურქეთის ხელისუფლებამ აცნობა ზოგიერთ გემს, რომელიც რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკისკენ მიემართებოდა, რომ მათ ტრანზიტის ნებართვას დროებით ვერ გასცემენ. გარდა ამისა, დარდანელის სრუტეში გავლის განაცხადების განხილვას დამატებითი დრო სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი გემებზე თავდასხმების საკითხს მანამდეც აყენებდა. 2025 წლის დეკემბერში ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთსა და უკრაინას საკუთარი წუხილები გაუზიარა და ეს პრობლემა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან განიხილა. ახლა კი, ანკარა კვლავ ცდილობს მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების მიღწევას — ამჯერად მხარეებს სთავაზობს, ოფიციალურად შეიქმნას მექანიზმი გემებზე დარტყმების შესაჩერებლად.




