ბრიუსელში ევროპის საბჭოს საგანგებო სამიტი დასრულდა.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც ბრიუსელში ევროპის საბჭოს საგანგებო სამიტზე იყვნენ შეკრებილები, მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების გადაიარაღების 800 მილიარდიან გეგმას, რომელიც სამშაბათს წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კიდევ ერთ დოკუმენტს, კერძოდ კი სამიტის დასკვნებს კიევისთვის მხარდაჭერის დაპირების და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პირობების შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არ მოაწერა ხელი.
გადაიარაღების შესახებ ერთსულოვნად მიღებული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი იდეა ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი 150 მილიარდი ევროს ოდენობით ფონდის შექმნაა. ფონდის თანხები გამოყენებული იქნება სულ მცირე ორი წევრი სახელმწიფოს ერთობლივი ინვესტიციებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და დრონებისგან თავდაცვის სისტემები, ასევე სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, კიბერუსაფრთხოებიდან სამხედრო მობილურობამდე ჩათვლით.
ევროპის ქვეყნების ლიდერებმა გაითვალისწინეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოთხოვნა და ევროკომისიას, უკრაინას და სლოვაკეთს მოუწოდეს ძალისხმევისკენ გაზის ტრანზიტის შეთანხმების განახლებისთვის. ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებში მხარდაჭერის მიღების შემდეგ ფიცომ უკრაინის დახმარების შესახებ მთელ ტექსტს ვეტო აღარ დაადო (სლოვაკეთი ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინელებისთვის იარაღის შესყიდვის მიზნით სუბსიდიების მიცემას. რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მხარეები საბოლოოდ, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ჩანს - „აიპრესი“).
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინის დახმარების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს არ დაეთანხმა, უნგრეთი იყო. 26 ქვეყნის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც 2025 წელს ევროკავშირი უკრაინას ჯამში 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს, საიდანაც 12,5 მილიარდი უკრაინს დახმარების ფონდის წილი იქნება, 18,1 მილიარდი ევრო კი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ამერიკელებმა ნათლად განაცხადეს, რომ შეამცირებენ და ზოგიერთ სფეროში საერთოდ შეაჩერებენ მხარდაჭერას, ევროპელი ლიდერების უმეტესობა ომის გაგრძელებას არ უნდა უჭერდეს მხარს და არ უნდა იღებდეს თავის თავზე იმ ფინანსურ და სამხედრო ტვირთს, რაც აქამდე ამერიკას ჰქონდა აღებული.