ევროპის საბჭოს საქართველოში ვიზიტად მყოფი გენერალური მდივანი ალენ ბერსე ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრებზე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა დემონსტრანტის გათავისუფლება მოითხოვა და გარკვეული დაპირება მიიღო.

ამასთან, თქვა, რომ საქართველოში არაა ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის.

"ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. მე აქ ვარ უპირველესად იმისათვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართველ ხალხს - ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. რადგან მე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვარ, აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი.

ჩემი როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ არ ვიყო აქ, რომ არ დავდგე ხალხის გვერდით. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იქნეს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ უფლებებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

"უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რიგი განგაშის სიგნალებისა იყო გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომლებიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ დაცვის საჭიროება, რომლის საფრთხეც ძალიან მომეტებულია. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისგების დაკისრება და ამასთან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერსემ.

მისი თქმით, ასევე საქართველოში იმყოფებოდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი [CPT], რომელმაც შეისწავლა დემონსტრანტების მდგომარეობა დაკავების შემდეგ და მათდამი მოპყრობის პირობები და წინასწარ შეფასებას მომდევნო კვირაში წარმოადგენს.