ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება რვა სართულიან შენობაში მოხდა და ქვედა სართულების ნაწილები მნიშვნელოვნად დააზიანა, ჩამსხვრეულია მთელი შენობის ფანჯრები.
ზოგიერთი არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, სამიზნე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი იყო. თუმცა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, რომელიც, „ევრონიუსის“ ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული, ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს.
ზოგიერთი წყარო ინციდენტს გაზის გაჟონვას უკავშირებს, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში გაზსადენი დამონტაჟებული არ იყო.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ირანის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ირან-ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აჰვაზშიც ისმოდა. „ევრონიუსის“ ცნობით, აფეთქებებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.
ცნობისთვის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ამ კვირაში სპარსეთის ყურის წყლებში საზღვაო წვრთნების ჩატარება დაანონსა, რამაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ„ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
თარგმანი: პირველი არხი











