ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის დემოკრატიული პროცესები დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე და ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს რეფორმების ამბიციური კურსი.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად გლობალური თუ რეგიონალური გამოწვევებისა, სომხეთი ინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს და მტკიცედ ადგას რეფორმების გზას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა სომხეთს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. "სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რითაც ხაზი გაუსვა ბრიუსელსა და ერევანს შორის პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნას.

"ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს სომხეთის მხარდაჭერა როგორც ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში, ისე ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში".

ეს განცხადება მორიგი სიგნალია იმისა, რომ ევროკავშირი სომხეთს სამხრეთ კავკასიაში საკუთარ ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორად განიხილავს და მზად არის, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და მოდერნიზაციას.