ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირი გეგმავს, 2027 წლის ბოლოსთვის რუსული გაზის იმპორტი ნულამდე დაიყვანოს.

შესაბამისი განზრახვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 6 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც 15-16 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას მიეძღვნა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ იტყვის უარს რუსული გაზის მოხმარების შეწყვეტის გეგმაზე.

"ოთხი წლის წინ რუსეთი ჩვენს შანტაჟს ცდილობდა. იმ დროს ჩვენი გაზის იმპორტის 45% რუსეთიდან შემოდიოდა. პრაქტიკულად ერთ ღამეში, ეს იმპორტი თითქმის სრულად შეწყდა. მაგრამ ევროპამ ერთიანობა შეინარჩუნა და ჩვენ ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერები გამოვედით", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირება მოახდინა და მნიშვნელოვნად დააჩქარა ინვესტიციები საკუთარ სუფთა ენერგეტიკაში.

"დღეს რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 12%-მდე შემცირდა. და ჩვენ მას ნულამდე დავიყვანთ მომავალი წლის ბოლოსთვის", - პირობა დადო ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუსულ გაზზე უარის თქმა მოხდება ენერგეტიკული კრიზისისა და ენერგომატარებლებზე არსებული მაღალი ფასების მიუხედავად, რომელსაც ევროპული ოჯახები და ინდუსტრია იხდიან.

"თებერვლის ბოლოდან გაზის ფასები 140%-ით გაიზარდა. დიზელის საწვავის ფასები გაორმაგდა. მთლიანობაში, ირანში ომის დაწყების შემდეგ, იმპორტირებული წიაღისეული საწვავი ევროპას დამატებით 100 მილიარდი ევრო დაუჯდა. და ეს ენერგომატარებლების არცერთი დამატებითი მოლეკულის გარეშე", - შეახსენა საზოგადოებას ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პოლიტიკოსმა გამოთქვა რწმენა, რომ "ევროკავშირი ამ კრიზისიდან იმაზე ძლიერი გამოვა, ვიდრე მასში შესვლისას იყო".