ევროკავშირმა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, სანქციების სიაში 77 ადამიანი შეიყვანა, რაც რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ხმის მიცემის პროცესში მათ მონაწილეობას უკავშირდება.
"ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ამ ეგრეთ წოდებული "არჩევნების" ორგანიზება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან ისინი არღვევენ უკრაინის კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის, გაეროს წესდებას და ასევე, ძირს უთხრიან უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სანქციები დაუწესდა 74 "კანდიდატს", რომლებიც სხვადასხვა პარტიიდან იყრიდნენ კენჭს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში", ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში. "რუსეთის სახელმწიფო დუმის "არჩევნებში" მონაწილეობით, ამ პირებმა აქტიურად შეუწყვეს ხელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციისა და უკრაინული ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შენარჩუნების მცდელობებს", — განაცხადეს ბრიუსელში.
გარდა ამისა, ამ ფიქციური არჩევნების ორგანიზებისთვის, შავ სიაში შეიყვანეს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამი წევრი. ყველა ამ პირზე ვრცელდება ევროკავშირში შესვლის ან მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტის აკრძალვა, მათი შესაძლო აქტივები ევროკავშირში გაყინულია. გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფულადი სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.
იმავე დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო ყველაზე მასშტაბური სანქციები, რომლის ფარგლებშიც შავ სიაში მოხვდა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თითქმის 1600 კომპანია და მათი ხელმძღვანელები. ახალი შეზღუდვები დაწესდა "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე და მზარდი აგრესიის, და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი არაადამიანური სამხედრო კამპანიის საპასუხოდ, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას".




