ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რაც უშუალო პასუხია ივლისის დასაწყისში კიევზე განხორციელებულ სასიკვდილო იერიშებზე. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვები შეეხო რუსულ კომპანიათა ჯგუფ ABS Electro-ს და მის ხელმძღვანელს, ირინა ხარისოვას.
სანქციები შეეხო ABS Electro-ს ჯგუფში შემავალ ხუთ კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან დრონებისთვის საჭირო ელექტრონული და რადიოელექტრონული კომპონენტების დამუშავებასა და წარმოებაში.
ევროკავშირის განცხადებით, ეს კომპანიები აწარმოებენ სისტემებს, რომლებიც ზრდის რუსული "შაჰედისა" და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო შესაძლებლობებს, მათ შორის – ელექტრონული ომის სისტემების მიმართ მდგრადობას. მათ შორის არის "კომეტას" (Kometa) ტიპის სანავიგაციო მოდულები, რომლებიც გამოიყენება დრონებში, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებში.
ABS Electro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ხარისოვას, ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, ხოლო მისი კუთვნილი აქტივები ბლოკირებულია.
სანქციების დაწესების უშუალო მიზეზად 2026 წლის 1-ელ და 5 ივლისს კიევზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო იერიშები დასახელდა, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე და "რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქციის დაწესების აუცილებლობა არსებობს".




