საქართველოში 4 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი არჩევნების შემდეგ გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციის გამო შეშფოთებულია და მოუწოდებს მთავრობას პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებას გამოხატავს. ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება თავისუფლად და უსაფრთხოდ", - წერია განცხადებაში.

ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ შეასრულოს ეუთოს ადამიანის უფლებებისადმი აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო შეთანხმებები.

"საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ იჭერენ, სჯიან და აჯარიმებენ საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს ადამიანის უფლებებისადმი აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ გახდნენ სამიზნე, და მათი ხმა იყოს გაგონილი, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის" - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

ეუთო/ოდირის განცხადებაში ასევე საუბარია "უცხო აგენტების შესახებ კანონზე", რომელიც ODIHR-ის განცხადებით "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და უნდა გაუქმდეს". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ბოლო თვეებში მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავება, ასევე დიდი ჯარიმების დაკისრება მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობისთვის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ნორმებს."

"ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, კვლავ არღვევს მათი გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. როგორც ODIHR-მა შარშან იურიდიულ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. "კანონი უცხოური აგენტების შესახებ" იწვევს სერიოზულ შეშფოთებას და უნდა გაუქმდეს.

საქართველომ იკისრა ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლება საერთაშორისო და ეუთოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავება, ასევე დიდი ჯარიმების დაკისრება მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობისთვის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ნორმებს. ზოგადად, სამართალდამცველებმა უნდა აირიდონ ძალის გამოყენება საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ის უნდა იყოს კანონის ფარგლებში, აუცილებელი და პროპორციული კონკრეტული სიტუაციის საჭიროებებთან", - წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ სინანულით აღნიშნავს, რომ მათ არ მიეცათ ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება, გვიან გაგზავნილი მოწვევის გამო. განცხადებაში აზევე ხაზგასმულია, რომ "ODIHR მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში - სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემის სფეროში."

"ODIHR ასევე კიდევ ერთხელ გამოთქვამს სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ODIHR-ის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიწვევა მაშინ გაუგზავნა, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეც კი არ იყო დარჩენილი, რაც არ იძლეოდა შესაძლებლობას სამართლიანი და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ODIHR-ის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. შედეგად, ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები დარჩნენ ობიექტური, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების გარეშე.

ყველა ეუთოს წევრ სახელმწიფოს აღიარებული აქვს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და მათ აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ სივრცე, რომელიც აუცილებელია თანასწორი და არსებითი პოლიტიკური მონაწილეობისათვის. საკუთარი მანდატის შესაბამისად, ODIHR მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში - სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემის სფეროში", - წერია განცხადებაში.