ესპანეთში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის რამდენიმე ცენტრალურ რეგიონს მოედო, NASA-ს სტრატეგიული მნიშვნელობის ობსერვატორია და საკომუნიკაციო ცენტრი დაზიანდა.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი მადრიდის მახლობლად, რობლედო-დე-ჩაველაში მდებარე "ღრმა კოსმოსური კავშირის კომპლექსის" (Madrid Deep Space Communications Complex - MDSCC) ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, დროებით შეფერხდა ზოგიერთ შორეულ კოსმოსურ აპარატთან მონაცემთა გაცვლის პროცესი. აღნიშნული კომპლექსი წარმოადგენს NASA-ს გლობალური ქსელის სამი მთავარი სადგურიდან ერთ-ერთს, რომელიც მზის სისტემის საკვლევ მისიებთან უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს.
ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ავიაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცეცხლის ლოკალიზებისთვის, თუმცა ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა სამაშველო ოპერაციას ართულებს. უსაფრთხოების მიზნით, ობსერვატორიის პერსონალი სრულად ევაკუირებულია. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად ზარალის ზუსტი მასშტაბების შეფასება მიმდინარეობს, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი კოსმოსური მისიების მხარდაჭერა და კომუნიკაცია დროებით გადაერთო აშშ-სა (გოლდსტოუნი) და ავსტრალიაში (კანბერა) მდებარე ალტერნატიულ სადგურებზე.




