გუშინ, გვიან საღამოს, ანკარაში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„წლის განმავლობაში მარცვლეულის დერეფანით 33 მილიონი ტონა პროდუქციის ტრანსპორტირება მოხდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 17 ივლისს ეწურება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების გახანგრძლივება. თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის გაგრძელება ორი-სამი თვის განმავლობაში. ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ პროდუქციის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე 2 წლის ვადით. თურქეთი იმედოვნებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება. ჩვენ ვეცდებით, რომ შეთანხმება ორი წლით გავაგრძელოთ“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად.

„კონფლიქტის დასაწყისიდანვე, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინასთან კონკრეტული დახმარების გაწევით ბევრ სფეროში - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ასევე ვიყავით ქვეყანა, რომელმაც ყველაზე ინტენსიური ძალისხმევა გაიღო ომის დასასრულებლად საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო.

„უკრაინა, რა თქმა უნდა, იმსახურებს ნატოს წევრობას", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევაა. უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების შესაძლო გაცვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას მან შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

„ამ მიმართულებით ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს თემა პრეზიდენტ ზელენსკისთან, შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ასევე ეწვევა თურქეთს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ეს საკითხი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს მხარდაჭერისთვის.

„მთავარი თემა არის უსაფრთხოება ჩვენს შავი ზღვის რეგიონში და მთლიანად ევროპაში. მადლობა თურქეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და მშვიდობის ჩვენი ფორმულის მხარდაჭერისთვის".  

მარცვლეულის გარიგებასთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი მარცვლეულის გარიგების დიდი ხნით გახანგრძლივების მომხრეა, ხოლო მისი ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი სახელმწიფოს პოზიციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „სხვადასხვა დერეფნები უნდა არსებობდეს“ და დააკონკრეტა, რომ საუბარია გემების მოძრაობაზე ნიკოლაევის რეგიონის პორტებიდან.