დღეს დილით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ეს ისრაელში მისი რიგით მესამე ვიზიტია 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად ისრაელმა პალესტინელთა ამ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ომი გამოუცხადა.

ენტონი ბლინკენი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს. თელ-ავივში გამგზავრების წინ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აპირებს ისრაელის მთავრობასთან განიხილოს „ჰამასის“ საწინააღმდეგო კამპანიის მიმდინარეობა, სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომები, მძევალთა გათავისუფლების საკითხი და ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ენტონი ბლინკენმა ისრაელის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა 12 და 16 ოქტომბერსაც.