საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ორმაგი დარტყმის შემდეგ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„მასთან ჩვენი შეშფოთება და ემოცია გამოვხატე. ამ დარტყმებით, ისევე როგორც მიმდინარე კვირაში კიევზე განხორციელებული თავდასხმებით, რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავის დანაშაულს. მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატურად მიზანში ამოღებით, დაშინებისა და ესკალაციის გზის არჩევით, რუსეთი, სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა, ეს უპირველეს ყოვლისა, ამით საკუთარ სისუსტეს ამჟღავნებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ყველა საჭირო საშუალების მიწოდება მისი ცის დასაცავად და აგრესიის შესაჩერებლად.

„პრეზიდენტ ზელენსკის მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ, კერძოდ, რაკეტების ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებით, ასევე ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გასული წლის 13 ივლისს პარიზში გამართული ანტისარაკეტო კოალიციისა და 2025 წლის 17 ნოემბერს ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად. აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევას შეუერთდეს ყველა ქვეყანა, რომელსაც შესაბამისი შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

„უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა, ვიდრე ის უარს ამბობს საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობაზე. ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე შევაფასეთ ჩვენი მობილიზაცია იმ მშვიდობის მისაღწევად, რომლისკენაც უკრაინელი ხალხი ლეგიტიმურად მიისწრაფვის, მისი უფლებების პატივისცემითა, უკრაინისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიით. რუსეთი ცდილობს უკრაინის გატეხვას ტერორის გზით – მას ეს არ გამოუვა. უკრაინის გვერდით გაერთიანებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კანონი და სამართლიანობა ძალაზე მაღლა დადგეს“, – დაწერა მაკრონმა.