უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებით ორსაათიანი საუბარი გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარება.

„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის, დაგვეხმაროს კონტაქტების დამყარებაში სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ „პეტრიოტებისთვის” საჭირო რაკეტები. ასევე, ვისაუბრეთ საფრანგეთის შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვის სფეროში. ემანუელს მივაწოდე ინფორმაცია დარტყმების შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. მადლობელი ვარ დაღუპულთა გამო გამოთქმული სამძიმრისთვის. შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მაკრონს რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების გადაცემის მზადყოფნისთვის.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა პარტნიორებთან მიმდინარე დიპლომატიური მუშაობის მიმდინარეობა და აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობა განიხილეს. ისინი შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებმაც შესაძლოა, „დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები გახსნას.”

„ასევე, განვიხილეთ თავდაცვის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები მიმდინარე და მომავალი წლისთვის. განვსაზღვრეთ თავდაცვის სფეროში არსებული შეთანხმებები, რომელთა განხორციელებაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უნდა დაჩქარდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს ემანუელ მაკრონი „მსურველთა კოალიციის” შეხვედრას თანათავმჯდომარის სტატუსით გაუძღვება. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეთა ნაწილი კიევში პირადად იქნება წარმოდგენილი, მათ შორის – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.