სოციალური პლატფორმის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე ვნახე ცრუ ინფორმაცია საფრანგეთის შესახებ პაველ დუროვის დაპატიმრების შემდეგ. საფრანგეთი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სულისკვეთების მტკიცედ ერთგულია. და ეს ასე დარჩება. სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპი, თავისუფლებები დაცულია სამართლის ფარგლებში როგორც სოციალურ მედიაში, ისე რეალურ ცხოვრებაში, მოქალაქეების დასაცავად და მათი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისთვის. კანონის აღსრულება სრულად დამოუკიდებლად სასამართლოს გადასაწყვეტია. „ტელეგრამის“ პრეზიდენტის დაკავება საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივი გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არანაირად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საკითხი მოსამართლეების გადასაწყვეტია“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მაკრონის მიერ გამოქვეყნებული განცხადება დუროვის დაპატიმრების პირველი ოფიციალური დადასტურებაა.
პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს. ის საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა.
სააგენტო „როიტერს“ საფრანგეთის პოლიციაში განუცხადეს, რომ დუროვის წინააღმდეგ გამოძიებას კიბერდანაშაულთან და თაღლითობასთან ბრძოლის სამმართველოები აწარმოებენ.
რუსეთში დაბადებულ 39 წლის მილიარდერს, პაველ დუროვს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.
თარგმანი: პირველი არხი