საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Time- თან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ მომდევნო სამიტში მონაწილეობას.
"თავიდანვე ნათლად განვაცხადე, რომ პარიზის შეთანხმება არ გადაიხედება. იმის გამო, რომ ტრამპს 180 ან 190 ქვეყანას შორის შეთანხმების შესრულება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია დავანახოთ, რომ შეთანხმება კვლავ ძალაშია", - განაცხადა მან.
მაკრონმა დასძინა, რომ ის "ბედნიერი" იქნებოდა, თუ ამერიკის ლიდერი მას ახალ ინიციატივას შესთავაზებდა, მაგრამ მისი თქმით, „ყოველგვარი მოქმედების გარეშე სიტყვით გამოსვლები მიუღებელია".
7 ნოემბერს, სააგენტო Reuters საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში კლიმატის სამიტზე დასასწრებად მოწვევა არ გაუგზავნეს.
როგორც ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ აღნიშნა, სამიტის მონაწილეები ის ქვეყნები გახდებიან, რომლებიც ვალდებულებას იღებენ 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმება შეასრულონ. ამ ზაფხულს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ შეთანხმებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ს სამიტში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა სახელმწიფოს მეთაურის გარეშე. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ სპეციალურ სტატუსს მიიღებს.
პარიზის კლიმატის შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება აშშ-სთვის წამგებიანია და გლობალური დათბობის არ სჯერა. 2017 წლის 1 ივნისს ვაშინგტონმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. აგვისტოში აშშ-მ აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა.