პრეზიდენტი პუტინი 20 წლის წინ აქ როცა ჩამოვიდა, რათა თავისი ქვეყნისთვის გავლენის სფეროების საკითხი წამოეყენებინა, ის სინამდვილეში ევროპის ხარჯზე იძულების სფეროებს ითხოვდა. ფაქტობრივად, ის მხარს უჭერდა იმ დოქტრინის აღდგენას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო უარყოფილი. ყველამ ვთქვით: „არა“. იგივე კატეგორიული „არაა“, რომლითაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკრაინის წინააღმდეგ უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა თანამშრომლობით ერთად ბევრს მიაღწიეს.

„შეხედეთ, რის მიღწევა შეგვიძლია თანასწორი პარტნიორობით. შეხედეთ საქონლისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ამ წარმოუდგენელ სივრცეს, თავისუფლების სივრცეს, მშვიდობისა და კეთილდღეობის სივრცეს. შეხედეთ სიცოცხლის ხანგრძლივობის, ჯანდაცვის, თანასწორობისა და თავისუფლების ინდიკატორებს. შეხედეთ ევროკავშირის ნობელის პრემიებისა და ფილდზის მედლების რაოდენობას. შეხედეთ, როგორ უზრუნველყო ევროპულმა ერთიანობის პოლიტიკამ ეკონომიკური გაერთიანება. ჩვენი მოქალაქეები, მათი თავისუფლებები, მათი პრესა, სკოლები, უნივერსიტეტები და აკადემიური თავისუფლებები დაცულია“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ახლა უამრავი გამოწვევაა, თუმცა ევროპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთ-უკრაინის ომია. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მთავარი დონორია, რუსეთი კი ომმა დაასუსტა და ჩინეთზე დამოკიდებული გახადა.

„დღეს მე მინდა, ყურადღება გავამახვილო ზუსტად ჩვენს ეგზისტენციალურ გამოწვევაზე, უკრაინაზე. უკრაინა დღეს, უკრაინა ხვალ, უკრაინა ზეგ და უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინა, ცხადია, პირველი გამოწვევაა, რომელიც გვაქვს და ამ გამოწვევას ჩვენ გადავლახავთ. 170 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტით, ევროპა უდავოდ მთავარ დონორად და დღეს სამხედრო დაფინანსების თითქმის ერთადერთ წყაროდ იქცა უკრაინისთვის. ჩვენ რუსეთს სანქციების 20 პაკეტი დავუწესეთ და მთლიანად შევცვალეთ ჩვენი ეკონომიკური მოდელი რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ძალიან სწრაფად. 22 თებერვალს არავის ეგონა, რომ ამის გაკეთებას შევძლებდით. ჩვენ ეს შევძელით. მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპის სწრაფვას მოლაპარაკებებისკენ, მშვიდობისკენ, რომელიც უნდა იყოს მდგრადი და მტკიცე. მოდით, უფრო ფართო სურათს შევხედოთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თუ შევხედავთ რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის დასუსტებული ქვეყანაა. მან უზარმაზარი თანხები დახარჯა ომზე და ახლა რეცესიაშია. ის ეკონომიკურად იზოლირებულია. ის მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უკვე ჰქონდა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა, მან ასობით ათასი ახალგაზრდა სიცოცხლე დაკარგა ილუზიის გამო“, – განაცხადა მაკრონმა.

თარგმანი: პირველი არხი