სტამბოლის დაკავებული მერი და ოპოზიციონერი ლიდერი, ეკრემ იმამოღუ X-ზე სილივრის ციხიდან წერს, რომ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. იმამოღლუს განცხადებით, არჩევნებზე ხალხი მთავრობას "სილას გააწნის".
"მინდა, სილივრის ციხიდან ახალი ამბავი გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მახარებს.
სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის არჩევნებში რეკორდულად მიიღეს მონაწილეობა.
15-მა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. ქვეყნის მილიონობით ადამიანმა, რომლებიც მთავრობის შევიწროებისგან, გაკოტრებული ეკონომიკისგან, არაკომპეტენტურობისა და უკანონობისგან იტანჯებიან," — წერს იმამოღლუ.
იმამოღლუმ ასევე დასძინა, რომ ხალხმა ერდოღანს "საკმარისია" უთხრა და არჩევნებზე "ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას".
"ხალხმა ერდოღანს უთხრა: "საკმარისია".
მივესალმები მილიონებს, რომლებიც ამაღამ ყვირის სარაშხანეში და ჩემი ქვეყნის მოედნებზე.
მოვა ეგ ყუთი, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას," - წერს იმამოღლუ.
Silivri Cezaevi’nden beni çok mutlu eden bir haberi sizlerle paylaşmak istiyorum.
— Ekrem İmamoğlu (@ekrem_imamoglu) March 23, 2025
Cumhuriyet Halk Partimizin Cumhurbaşkanlığı önseçiminde rekor düzeyde bir katılım gerçekleşti.
15 milyon vatandaşımız oy kullandı. İktidarın zulmünden, tarumar edilen ekonomiden,…
ცნობისათვის, თურქეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. 23 მარტს ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 13 211 000 მოქალაქემ 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად იმამოღლუ აირჩია.
შეგახსენებთ, 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.
დაკავება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მისი საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა.
მერის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც ადგილი ჰქონდა შეტაკებას და პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენებას.
20 მარტს, თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით, 37 ადამიანი დააკავეს. ინტერნეტ-დამკვირვებლის NetBlocks-ის ინფორმაციით, თურქეთში X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა.