თურქეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, "თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც 19 მარტს დააკავეს, 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად 13 211 000 მოქალაქემ აირჩია.

23 მარტს ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში საერთო ჯამში 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პრაიმერიზი თურქეთის 81 ქალაქში ჩატარდა და CHP-ს გადაწყვეტილებით, მასში მონაწილეობა არა მხოლოდ პარტიის 1.7 მილიონი წევრისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ხმის მიცემის დრო დამატებით სამი საათითა და ოცდაათი წუთით გახანგრძლივდა.

არჩევნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმამოღლუ სტამბოლის მერის თანამდებობიდან ოფიციალურად გადააყენა.

ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 323 ადამიანი დააკავა.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.