ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს არ სურს რუსეთ-უკრაინის ომში ჩეჩნების გაგზავნა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „ეკონომისტი“ ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში ჩეჩნეთის ლიდერთან დაახლოებული პირი აღნიშნავს, რომ კადიროვის ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, თითქოს ის მხარს უჭერს „უმაღლესი მთავარსარდლის“, ვლადიმირ პუტინს კურსს, რეალურად ცდილობს, თავიდან აირიდოს უკრაინის ომში ჩეჩნების მასობრივად გაგზავნა.

„როგორიც არ უნდა იყოს მოსკოვის ინტერესები უკრაინაში, ჩვენ მათგან უსაზღვროდ შორს ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რამზან კადიროვი საკუთარ თავს „პუტინის ქვეით ჯარისკაცს“ უწოდებს, მას „შესანიშნავად ესმის სიტუაცია“ და არ სურს რესპუბლიკის მოსახლეობის მსხვერპლად შეწირვა „რუსული სამყაროს“ გულისთვის“, – აცხადებს წყარო „ეკონომისტთან“ საუბრისას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე რამზან კადიროვი ახერხებდა, არ დაეშვა სავალდებულო მობილიზაცია ჩეჩნეთში, რაც მისი, როგორც „ერის მამის“ იმიჯს ამყარებდა. ამასთან, „ეკონომისტი“ წერს, რომ კადიროვი უკრაინის ომს იყენებდა რეპრესიის ერთგვარ ინსტრუმენტადაც, რათა ფრონტზე იძულებით გაეშვა ის პირები, რომლებიც მისთვის არასასურველ პიროვნებებად მოიაზრებოდნენ.

მიმდინარე წლის აპრილში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთი მზად იყო ფრონტზე 70 000 სამხედრო გაეგზავნა. ომის დაწყებიდან ივლისამდე პერიოდში, უკრაინის ომში 539 ჩეჩენია დაღუპული.