პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, "ვაგნერის" მებრძოლების დისლოკაცია ბელარუსის ტერიტორიაზე ვარშავისთვის უარყოფითი სიგნალია, რასაც NATO-ს ბლოკისგან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს.
"ჩვენ ამ საკითხს NATO-ს ფორმატში წამოვწევთ, რათა NATO-ს თავდაცვის გეგმები უფრო ეფექტური გახდეს, საჭიროა რეაგირების დროის შემცირება, ჩვენს რეგიონში განთავსებული ბატალიონური ჯგუფების გაძლიერება",- განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი და მისი დანაყოფების ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინთან მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარება პუტინს ამბოხის დაწყების შემდეგ თავად შესთავაზე. ლუკაშენკო ამბობს, რომ კრემლს მოსკოვის დასაცავად 10 ათასამდე სხვადასხვა ტიპის დანაყოფი ჰყავდა მობილიზებული.