უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ სამიტზე დასწრების შემდეგ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო პასუხს გასცემენ, თუ კრემლი უკრაინაზე თავდასხმას კვლავ გადაწყვეტს. 

"პირველად ისტორიაში მე ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან მოვისმინე - რაშიც ბატონი სტივ უიტკოფი ცალსახა იყო - რომ ამერიკა ჩართული იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ისეთი სახით, რომ რუსებს ეჭვი არ შეეპარებათ, რომ აშშ-ს პასუხი სამხედრო გზით იქნება." - აღნიშნა ტუსკმა. 

მისი თქმით, ფაქტია, რომ "შესაძლოა, პირველად აშკარად ჩანდა, რომ ამერიკელები, ევროპელები და უკრაინელები ყველანი ერთ მხარეს არიან."

პოლონეთის პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ერთიანი მოქმედება წარმოადგენს ერთადერთ გზას, რათა რუსეთს ომის დასამთავრებლად სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩართვა, ან, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება აიძულონ.

"როგორც მოკავშირეებმა, ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად, რათა რუსებმა და პუტინმა შეუძლებლად ჩათვალონ ამ მხარეებს შორის განხეთქილების წარმოქმნის მცდელობები." - დაამატა ტუსკმა.