აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. მათ შორის 31 ეპიზოდში სასამართლო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება.

ბრალდების მტკიცებით, ტრამპი დოკუმენტებს აბაზანაში, საძინებელსა და სხვადასხვა ადგილას ინახავდა. გამოძიების ცნობით, აბაზანიდან ამოღებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამის, აშშ-სა და სხვა უცხოური ძალების იარაღის შესაძლებლობებზე.

ამასთან, სასამართლო ტრამპს გასაიდუმლოებული დოკუმენტების ორჯერ სხვებისთვის გაზიარებაშიც ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, პირველი შემთხვევა გოლფის ეროვნულ კლუბში დაფიქსირდა, სადაც ტრამპმა პირებს დოკუმენტები „თავდასხმის გეგმად“ გააცნო. ის აღნიშნულ საქმეზე მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ საქმის პროკურორებისთვის რთული იქნება დაამტკიცონ, რომ ტრამპმა გაცნობიერებულად და განზრახ დაარღვია კანონი. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საქმე ხელს ვერ შეუშლის ტრამპს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.