ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის თანახმად, ტრამპი დამნაშავეა ჟურნალისტ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე სექსუალურ ძალადობაში და ცილისწამებაში. ამავე დროს, ნაფიცმა მსაჯულებმა მოუხსნეს მას გაუპატიურების ბრალდება.  

"განაჩენი სამარცხვინოა", - ამბობს ტრამპი.

79 წლის ე.ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპს შარშან უჩივლა და იგი 1990-იანი წლების შუა ხანებში ნიუ-იორკის უნივერმაღში გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

კეროლი ასევე ამტკიცებდა, რომ ტრამპმა ცილი დასწამა მას, როდესაც ტყუილში დაადანაშაულა 2019 წელს მის მიერ პირველად გაცხადებული ბრალდებების საპასუხოდ.  

„ეს ყველაზე სასაცილო და ამაზრზენი ამბავია. უბრალოდ, მოგონილია”, - წერდა ტრამპი თავის Truth Social პლატფორმაზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამოაცხადეს, რომ ტრამპი გაამართლეს გაუპატიურებაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს სექსუალურ შევიწროებაში და ცილისწამებაში.

მან ზარალის ასანაზღაურებლად ჯამში ხუთი მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.

„მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი. ეს განაჩენი სამარცხვინოა" -  წერს ტრამპი Truth Social-ზე.

Reuters-ის ცნობით, ის განაჩენს გაასაჩივრებს.

ვინაიდან ეს სამოქალაქო საქმეა, ტრამპს არ ემუქრება სისხლის სამართლებრივი დევნა.