აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული.

ვიდეოში ჩანს, როგორ იშლება ხიდი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის ყველაზე დიდი ხიდი გაანადგურა და თეირანმა შეთანხმება იქამდე უნდა დადოს, ვიდრე ამის დრო აქვს.

„ირანში ყველაზე დიდი ხიდი ინგრევა და მას ვეღარასოდეს გამოიყენებენ – კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ! დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება და არაფერი დარჩება იმისგან, რაც შეიძლება დიდი ქვეყანა გახდეს!“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ხიდზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ირანული მედიაც. მათი თქმით, იერიშებს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ხიდზე თავდასხმაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.