აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა. ტრამპმა გასცა დაპირება, რომ მისი ადმინისტრაცია დაასრულებს ვითარებას, როდესაც მძიმე დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირები სათანადო სასჯელის გარეშე რჩებიან.

„ჩვენ აღარ შევეგუებით ამ სერიულ დამნაშავეებს, რომლებიც ჩვენს ქუჩებში სიბინძურეს, სისხლისღვრასა და ქაოსს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ, დღეს ვავალებ ციხეების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროსთან, FBI-სთან და შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად, გახსნან სრულად განახლებული და მნიშვნელოვნად გაფართოებული ალკატრასი, რათა იქ ამერიკის ყველაზე სასტიკი და საშიში დამნაშავეები განათავსონ. ალკატრასის კვლავ გახსნა გახდება კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო. ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ალკატრასის ციხე ფუნქციონირებდა 1934-დან 1963 წლამდე და ითვლებოდა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებად. იქ იყვნენ განთავსებული ქვეყნის ყველაზე საშიში დამნაშავეები, მათ შორის ალ კაპონე. მაღალი შენახვის ხარჯებისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო ციხე დაიხურა.