აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ნაწილის დროებით გაუქმებას განიხილავს, რათა ნავთობის ფასები შეამციროს. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
ამასთან, ტრამპის თქმით, აშშ ირანში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მსოფლიოში ნავთობის მიწოდების შენარჩუნებაზე ამახვილებს ყურადღებას და არ დაუშვებს, რომ ირანის "ტერორისტულმა რეჟიმმა მსოფლიო მძევლად აიყვანოს და გლობალური ნავთობის მიწოდება შეაჩეროს". მისივე თქმით, თუკი ირანი ამას შეეცდება, "გაცილებით, გაცილებით უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს".
"ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ნაწილსაც ვაუქმებთ, რათა ფასები შევამციროთ. ზოგიერთ ქვეყანაზე სანქციები გვაქვს. ამ სანქციებს გავაუქმებთ, სანამ ეს არ გამოსწორდება. შემდგომ ვინ იცის, იქნებ ხელახლა დაწესება არ მოგვიწიოს. როდესაც დრო მოვა, აშშ-ს ფლოტი და მისი პარტნიორები საჭიროების შემთხვევაში სრუტის გადაკვეთისას ტანკერებს გაჰყვებიან. ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება, მაგრამ თუ საჭირო იქნება, პირდაპირ გავაცილებთ. ნაღმებს საუკეთესოდ ვანადგურებთ. ვიცით, ზუსტად სად არის განთავსებულები. იქიდან ძალიან სწრაფად გავიყვანთ. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არ მოგვიწევს. კიდევ ერთხელ, ამას თუ ირანელები გააკეთებენ, ამ თამაშს თუ ითამაშებენ, იმ დონეზე დავარტყამთ, რომელიც აქამდე არ უნახავთ". - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ხელახლა გაიმეორა შეთავაზება, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში მიმავალი გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"ძალიან ვუახლოვდებით მის დასრულებასაც. ამასობაში ამ მცირე შეფერხების განმავლობაში, აშშ სპარსეთის ყურეში მოქმედ ნებისმიერ ნავთობის ტანკერს პოლიტიკურ რისკის დაზღვევას ვთავაზობთ. ასე რომ, რისკების დაზღვევას ვაცხადებთ. ალბათ მათთან ერთად ვივლით დაცვისთვის. არ გვგონია, რომ ეს საჭირო გახდება. თუ რამეს იზამენ, საზღაური უზარმაზარი იქნება. იმდენად დიდი იქნება, რომ ინატრებენ, ეს არასდროს ექნათ". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმისა და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ტერაქტების გარეშე გრძელ ვადაში ნავთობის მიწოდების გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდება, რაც ნავთობის ფასების შემცირებას გამოიწვევს.
"გრძელ ვადაში ნავთობის მიწოდება გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ირანული ხომალდების, დრონების, რაკეტების, ბირთვული საშიშროებისა და ყველაფრის გარეშე, ასე რომ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ დარჩება. იქ ჩვენს ფლოტს უამრავი გემი ჰყავს. მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობით ვამოწმებთ ნაღმებს.
კიდევ ერთხელ, მათი გემების უმეტესობა ზღვის ფსკერზეა, თუმცა თუ რამეს გააკეთებენ, ისე ძლიერად დავარტყამთ, რომ მათთვის ან ნებისმიერი სხვისთვის, ვინც ეხმარებათ, შეუძლებელი გახდება მსოფლიოს ამ ნაწილის აღდგენა.
გასულ წლებში რეჟიმმა და მისი ტერორისტულმა პროქსიებმა ასობით კომერციულ ხომალდზე თავდასხმები დაიწყეს. ჩვენ ამ საფრთხეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს ვუსვამთ და შედეგი იქნება უფრო დაბალი ნავთობის ფასები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის უფრო დაბალი ფასები ამერიკული ოჯახებისთვის". - თქვა ტრამპმა.








