აშშ-ში, ვაშინგტონის ე.წ. „სარკისებრი აუზის“ გარშემო დაწყებული დავა სულ უფრო მწვავდება. ყოფილ ოლიმპიელ ათლეტს, რომელიც ივნისში ლინკოლნის მემორიალის სიახლოვეს მდებარე გიგანტურ აუზთან დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. კოლუმბიის ოლქის ფედერალური პროკურორის, ჯანინ პიროს განცხადებით, 67 წლის დევიდ ჰერნს („სახელმწიფო ქონების განადგურება“ ედება ბრალად, რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი პირველი სასამართლო პროცესი 9 ივლისს არის ჩანიშნული.

მომხდარს სპორტსმენის უფლებადამცველები ეხმაურებიან. დევიდ ჰერნის ადვოკატები საქმეს პოლიტიკურ მაქინაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს არის „სკანდალური ბრალდება, რომელმაც თითოეული ამერიკელი უნდა შეაშფოთოს“.

ინციდენტი 19 ივნისს მოხდა. დევიდ ჰერნი, რომელიც აშშ-ის სახელით ბარსელონას, ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე კანოე-კაიაკით რბოლაში ასპარეზობდა, დედაქალაქში ველოსიპედით სეირნობდა. მისივე ჩვენებით, მან გადაწყვიტა ახლოს მისულიყო და დაეთვალიერებინა დიდი აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ნაპირთან მიახლოებისას სპორტსმენმა აღმოაჩინა ის, რაზეც მედიაში მანამდეც ბევრს წერდნენ: წყალი წყალმცენარეებით იყო სავსე, ხოლო აუზის ფსკერზე დაგებული საფარი უკვე ძვრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის დაკვეთით შესრულებული სარემონტო სამუშაოები სულ რამდენიმე დღის დასრულებული იყო. 

პროკურატურა (რომელსაც ტრამპის აქტიური მხარდამჭერი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანი ჯანინ პირო ხელმძღვანელობს) ამტკიცებს, რომ ათლეტმა კი არ დააფიქსირა, არამედ თვითონ დააზიანა და აყარა ეს საფარი.

სწორედ ამ ტერიტორიაზე ყოფნისას მოხდა ათლეტის დაკავება, რასაც მოგვიანებით სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით ბრალის წარდგენა მოჰყვა.