პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს მოუწოდა ისრაელს გააუქმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“ და „დაუშვას ატყდეს ჯოჯოხეთი“, თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ღაზას სექტორში მყოფ მძევლებს შაბათს შუადღისთვის.

ტრამპის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე „ჰამასმა“ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ გადადებს შაბათისთვის დაგეგმილ მძევლების გათავისუფლებას „შემდგომ შეტყობინებამდე“.  

თუ ყველა მძევალი არ დაბრუნდება შაბათს, შუადღის 12 საათამდე, ყველა ერთად და არა ორ-ორი, სამ-სამი და ოთხ-ოთხი, „სრული ჯოჯოხეთი დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის შემდეგ.

კითხვაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ღაზაში „სრული ჯოჯოხეთი“, ტრამპმა უპასუხა: „თქვენ გაიგებთ და ისინიც გაიგებენ – ჰამასი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ“.