აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ წელს ჩინეთის პრეზიდენტთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის „მეგობრობის, ძალისა და წარმატების სიმბოლოდ“ იქცა.

ტრამპის თქმით, სი ძინპინს ნოემბერში ჩინეთში შეხვდება. სწორედ ამ დროს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართება.

ამერიკის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრა დეკემბერშიც დააანონსა. შეხვედრა მაიამიში, ფლორიდის შტატში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება.

„ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომდევნო შეხვედრას“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 23-25 სექტემბერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეერთებულ შტატებს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. 2015 წლის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო.