აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებულ ილონ მასკთან საუბრით. ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ აღნიშნა, რომ მასკს „სრულიად აქვს გონება დაკარგული“.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ღელავს ილონ მასკის მიერ წამოჭრილ იდეასთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ.

მანამდე, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.

ილონ მასკი დონალდ ტრამპს საჯარო პოსტების სახით უპირისპირდება. მან ამერიკის პრეზიდენტი რამდენჯერმე გააკრიტიკა, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის გამო. მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროში და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.

მასკმა აღნიშნულ კანონპროექტს „საზიზღარი სისაძაგლე“ უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყანას „დამანგრეველი ვალებით“ დატვირთავს. ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

თარგმანი: პირველი არხი