არ არსებობს ჩვენი ერის მსგავსი ერი, ამერიკელები არიან მკვლევრები, მშენებლები, ნოვატორები, მეწარმეები, სასაზღვრო სული ჩაწერილია ჩვენს გულებში, ჩვენმა ამერიკელმა წინაპრებმა უზარმაზარი კონტინენტის კიდეზე მდებარე პატარა კოლონიების ჯგუფი გადააქციეს დედამიწის ყველაზე განსაკუთრებული მოქალაქეების ძლიერ რესპუბლიკად, ვერავინ მოვა ახლოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ამერიკელებმა ათასობით მილი გაიარეს უხეში, დაუმორჩილებელი ველური ბუნების მიწაზე. მათ გადაკვეთეს უდაბნოები, დალაშქრეს მთები, გაუძლეს საფრთხეებს, დაასრულეს ველური დასავლეთი და მონობა, მილიონები იხსნეს ტირანიისგან, მილიარდები – სიღარიბისგან, დაიმორჩილეს ელექტრობა, გახლიჩეს ატომი, კაცობრიობა კოსმოსში გაუშვეს და ადამიანური ცოდნის სამყარო ადამიანის ხელისგულში მოაქციეს. თუ ერთად ვიმუშავებთ, არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია და არ არსებობს ოცნება, რომლის მიღწევაც არ შეგვიძლია. ბევრს ეგონა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ასეთი ისტორიული პოლიტიკური დაბრუნება, მაგრამ როგორც დღეს ხედავთ, აქ ვარ. ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა. ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც მტკიცებულება იმისა, არასდროს უნდა დაიჯეროთ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. ამერიკაში შეუძლებელი არის ის, რასაც ჩვენ საუკეთესოდ ვაკეთებთ. ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე, ფილადელფიიდან ფინიქსამდე, ჩიკაგოდან მაიამიმდე, ჰიუსტონიდან აქ, ვაშინგტონამდე, ჩვენი ქვეყანა შეიქმნა და აშენდა პატრიოტთა თაობების მიერ, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ისინი იყვნენ ფერმერები და ჯარისკაცები, კოვბოები და ქარხნის მუშები, მეფოლადეები და მეშახტეები, პოლიციელები და პიონერები, რომლებიც წინ მიიწევდნენ, წინ მიაბიჯებდნენ და არც ერთ დაბრკოლებას არ აძლევდნენ მათი სულისა და სიამაყის დამარცხების უფლებას. ერთად დააგეს რკინიგზები, ააშენეს ცათამბჯენები, გაიყვანეს დიდი გზატკეცილები, მოიგეს ორი მსოფლიო ომი, დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი, გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას, რომელსაც შეხვდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი.

„ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გადავიტანეთ, ჩვენ ვდგავართ ამერიკის ისტორიის ოთხი საუკეთესო წლის მიჯნაზე. თქვენი დახმარებით, ჩვენ აღვადგენთ ამერიკის დაპირებას და ხელახლა ავაშენებთ ერს, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიდებული ერი ღმერთის ქვეშ. ასე რომ, ყველა მშობელს, ვინც თავისი შვილისთვის ოცნებობს და ყველა ბავშვს, ვინც თავისი მომავლისთვის ოცნებობს – მე თქვენთან ვარ. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და გავიმარჯვებ თქვენთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ბოლო წლებში ჩვენმა ერმა ბევრი იტანჯა, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ მას და კვლავ დიდს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიქნებით ერი, რომლის მსგავსიც არ არსებობს, სავსე თანაგრძნობით, სიმამაცითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოიტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოში, რომელიც გაბრაზებული, ძალადობრივი და სრულიად არაპროგნოზირებადი იყო. ამერიკას კვლავ პატივს სცემენ და აღფრთოვანდებიან, მათ შორის რელიგიის, რწმენისა და კეთილი ნების ხალხი. ჩვენ ვიქნებით წარმატებულები. ჩვენ ვიქნებით ამაყები. ჩვენ ვიქნებით ძლიერები და გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ არ გავტყდებით და ჩვენ არ ჩავფლავდებით. ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი. ჩვენ მამაცურად ვიდგებით. ჩვენ ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ გაბედულად ვიოცნებებთ. არაფერი დადგება ჩვენს გზაზე, რადგან ჩვენ ვართ ამერიკელები. მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა მხოლოდ ახლა იწყება“, – განაცხადა ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი