აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ TikTok-ის აპლიკაციის ყიდვის მსურველი იპოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ტრამპი განმარტავს, აპლიკაციის შეძენის სურვილი "ძალიან მდიდარი ადამიანების" ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.
"სხვათა შორის TikTok-ისთვის მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს", – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კანადის შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდება "იმ დრომდე, ვიდრე ისინი გარკვეულ გადასახადებს არ გააუქმებენ". ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რთულია კანადასთან შეთანხმების მიღწევა.