აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად "ჰამასს" 3-4 დღის ვადას აძლევს. ამის შესახებ მან თეთრ სახლთან რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მის მიერ წარდგენილ გეგმას მხარი დაუჭირა ყველა არაბულმა და მუსლიმურმა ქვეყანამ და ისრაელმა, ახლა კი ელოდებიან "ჰამასს".
დონალდ ტრამპის თქმით, "ჰამასი" თუ უარს იტყვის შეთანხმებაზე, "ეს ძალიან სევდიანი დასასრული იქნება". ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, ის ისრაელს მისცემს საშუალებას, გააკეთოს ის, რაც "მათ უნდა გააკეთონ და მათ შეუძლიათ ეს ძალიან მარტივად გააკეთონ".
"ჰამასთან" დაკავშირებით ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ გვინდა მძევლების დაუყოვნებლივ დაბრუნება და გვინდა კარგი საქციელი", – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.