აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
"ხამენეი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია. ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიადი ამერიკელისთვის და მსოფლიოს გარშემო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისი სისხლმოწყურებულმა ბანდიტების ბანდამ მოკლა ან დაასახიჩრა". - წერს ტრამპი.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ხამენეიმ ამერიკული "დაზვერვისთვისა და მაღალგანვითარებული სათვალთვალო სისტემებისთვის თავის არიდება ვერ შეძლო" და "არ არსებობდა არაფერი, რისი გაკეთებაც მას ან სხვა მასთან ერთად მოკლულ სხვა ლიდერებს შეეძლოთ" აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ირანელი ხალხის "უდიდესი შანსი", რომ "ქვეყანა დაიბრუნონ". მანვე მოუწოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) და რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს, რომ "ირანელ პატრიოტებს" შეუერთდნენ და ირანისთვის სიდიადის დაბრუნებაზე ერთობლივად იმუშაონ.
"ეს არის ირანელი ხალხისთვის უდიდესი შანსი, რომ თავიანთი ქვეყანა დაიბრუნონ. გვესმის, რომ IRGC-ს, შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოებისა და საპოლიციო ძალებს შორის მრავალს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან ხელშეუხებლობა სურს. როგორც გასულ ღამეს ვთქვი, "ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ ხელშეუხებლობა, მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!" იმედი მაქვს, IRGC და პოლიცია მშვიდობიანად შეერწყმება ირანელ პატრიოტებს და ერთობლივად იმუშავებენ, როგორც გუნდი, რათა დაუბრუნონ ქვეყანა იმ სიდიადეს, რომელსაც ის იმსახურებს". - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, ირანისთვის სიდიადის დაბრუნების პროცესი მალევე უნდა დაიწყოს, თუმცა დაბომბვის კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის იქნება საჭირო.
"ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, არა მხოლოდ ხამენეის სიკვდილის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა სულ რაღაც ერთ დღეში დიდწილად დაინგრა და განადგურდა კიდეც. თუმცა, ინტენსიური და წერტილოვანი დაბომბვა უწყვეტლივ გაგრძელდება კვირის განმავლობაში ან იმ დრომდე, სანამ საჭირო იქნება ახლო აღმოსავლეთში და, მართლაც, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ჩვენი მიზნის მისაღწევად!" - წერს ტრამპი.








