დიდი შვიდეულის ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მზაობა გამოთქვეს, განიხილონ უკრაინაში ჩამჭრელი რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების გაცემის შესაძლებლობა.

"ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვეთანხმებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე, მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს", – აღნიშნეს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მათ აღნიშნეს უკრაინის სიმტკიცე და ფრონტზე ბოლო თვეებში მიღწეული წარმატებები.

ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად, ლიდერები შეთანხმდნენ, გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების, დამატებითი საშუალებებისა და შორი დისტანციის შეიარაღების მიწოდება და ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, განაგრძონ დახმარების მიწოდება, რათა ქვეყანას მომავალი ზამთრის გადატანა გაუადვილდეს.