ამის შესახებ ინფორმაციას tagesschau ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რუსეთში უკანონოდ დაპატიმრებული 15 ადამიანის, აგრეთვე ბელარუსში სიკვდილმისჯილი გერმანიის მოქალაქის" გათავისუფლების სანაცვლოდ დასავლეთმა 10 პატიმარი გაათავისუფლა. პატიმართა გაცვლა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოხდა, რის შემდეგაც მხარეებმა 3 ადამიანი გერმანიაში გადაიყვანეს, 3 აშშ-ში 10 კი რუსეთში.
გერმანიის პრესა გათავისუფლებულთაგან ასახელებს 2019 წლის აგვისტოში ტიგრატენში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობამისჯილ 56 წლის რუს ვადიმ კრასიკოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანახმად, რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორის არიან პოლ უილანი, ევან გერშკოვიჩი, აგრეთვე რუსეთის აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ალსუ კურმაშევა და მწვანე ბარათის მფლობელი ვლადიმირ ყარა-მურზა.
ჯო ბაიდენმა 16 პატიმრის გათავისუფლებას „დიპლომატიის შედევრი" უწოდა. მისი თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან ხუთი გერმანელი, აგრეთვე შვიდი რუსი პოლიტპატიმარი.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას, პოლონეთს, სლოვენიას, ნორვეგიას და თურქეთს - გაცვლაში წვლილის შემტან აშშ-ის მოკავშირეებს.
„განსაკუთრებით ვალში ვარ კანცლერის წინაშე". რუსეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე გერმანიას მნიშვნელოვან დათმობებზე დათანხმება მოუხდა, - თქვა ბაიდენმა.
ფედერალურმა მთავრობის განცხადებით, გერმანიას გადაწყვეტილება ადვილად არ მიუღია.
სასწორზე იყო, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ინტერესი მსჯავრდადებული კრიმინალის სასჯელის აღსრულებით და მეორე მხრივ, რუსეთში დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანებისა და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ფიზიკური კეთილდღეობა. მნიშვნელოვანი მოტივი იყო გერმანიის მოქალაქეების დაცვის ვალდებულება და შეერთებულ შტატებთან სოლიდარობა, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური მთავრობის განცხადებაში.