დანიის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულ გრენლანდიის გარშემო არსებული დავის ფონზე, აშშ-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ახალი შეთანხმება დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამგვარად, შეთანხმებამ ფაქტობრივად საბოლოო თანხმობა მიიღო.

გრენლანდიამ შეთანხმებაზე თანხმობა ჯერ კიდევ ორ კვირაზე მეტი ხნის წინ განაცხადა. დოკუმენტს ხელი სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.

შემდეგი ნაბიჯი იქნება აშშ-ის დიპლომატიური ინფორმირება ორივე პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგების შესახებ. ამის შემდეგ შეთანხმება შესაძლოა, საბოლოოდ შევიდეს ძალაში და არქტიკული კუნძულის გარშემო ტრამპის მიერ პროვოცირებული კონფლიქტი დარეგულირდება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების მოსაზრებებზე მითითებით იმუქრებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გრენლანდიას ძალით დაიკავებდა.

ახალი შეთანხმება არ ეხება გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის კუნძული. ამის ნაცვლად, დოკუმენტი აახლებს და ავსებს დანიასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში 1951 წლიდან მოქმედ შეთანხმებას. ის შეერთებულ შტატებს კუნძულზე სამხედრო საქმიანობისთვის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს.

ამჟამად ამერიკელი სამხედროები გრენლანდიაში მხოლოდ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პიტუფიკის კოსმოსურ ბაზას ფლობენ. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაკვირვებისთვის. ახალი შეთანხმება აშშ-ს უფლებას აძლევს, მოახდინოს ბაზის მოდერნიზება და გააფართოოს იქ თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, აშშ შეძლებს, შექმნას კიდევ ორი სამხედრო ბაზა — გრენლანდიის სამხრეთით მდებარე ნარსარსუაკსა და აღმოსავლეთით მდებარე მესტერვიგში.

ამასთან, NATO-ს არაწევრ არცერთ სახელმწიფოს არ შეეძლება გრენლანდიაში სამხედრო ობიექტების განთავსება შეთანხმების სამივე მხარის თანხმობის გარეშე. დოკუმენტი ასევე ზღუდავს იმ სახელმწიფოებისა და ინვესტორების გავლენას, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები ან პარტნიორები, ან ევროკავშირის წევრები. ეს შეესაბამება ტრამპის მისწრაფებას, შეზღუდოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენა არქტიკის რეგიონში.