ორმაგი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენების განკარგულება სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნის საფუძველზე ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ძალაუფლების ამ უგუნურ გამოვლინებას უდანაშაულო ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 2018 წლის მარტში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ქუჩაში სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიებამ დააგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება სკრიპალის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის სახელურს ესვა. ოთხი თვის შემდეგ მოწამვლით გარდაიცვალა 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა დონ სტერჯესი. სტერჯესის პარტნიორმა იპოვა პარფიუმის ფლაკონი, რომელიც რუსმა აგენტებმა მომწამვლელი ნივთიერების ქვეყანაში შესატანად გამოიყენეს.
სკრიპალები, ასევე პოლიციის ოფიცერი, რომელიც პირველი შევიდა მათ სახლში, მძიმე მოწამვლის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ.
საგამოძიებო კომისიას გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ენტონი ჰიუზი ხელმძღვანელობდა. როგორც ჰიუზმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ სკრიპალის მოკვლა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა სცადეს, რადგან სკრიპალმა რუსეთის საიდუმლო ინფორმაცია მიჰყიდა ბრიტანეთს და 2010 წელს ჯაშუშების გაცვლის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა.
„მე დავასკვენი, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობის ოპერაცია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ პუტინის მიერ უნდა ნებადართული. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იყო რუსეთის სახელმწიფო თავდასხმა“, – აცხადებს ჰიუზი ანგარიშში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, რადგან პარფიუმის ბოთლი შეიცავდა იმდენ მომწამვლელ ნივთიერებას, რაც საკმარისი იყო ათასობით ადამიანის მოკვლისთვის.
ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა და რუსეთის ელჩი დაიბარა.
სოლსბერიში 2018 წელს განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.
თარგმანი: პირველი არხი




