დღეს, 9 თებერვალს, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა წარმოადგინა მეოთხე კვარტალისა და 2022 წლის ფინანსური ანგარიშები. Credit Suisse-მა 2022 წელი 7,3 მილიარდი ფრანკის (7,9 მილიარდი დოლარი) ზარალით დაასრულა, რაც რამდენჯერმე აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

ეს არის ყველაზე დიდი წლიური ზარალი 2008 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოხდა. ბანკის შემოსავალი წელიწადში 34%-ით შემცირდა და 14,9 მილიარდი ფრანკი (16,2 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ბანკის მეოთხე კვარტალის შემოსავალი 33%-ით შემცირდა და 3,1 მილიარდი ფრანკი (3,4 მილიარდი დოლარი) შეადგინა. კვარტალური წმინდა ზარალი 1,4 მილიარდი ფრანკი (1,5 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია. ამავდროულად, შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინზე უარესი იყო.

Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კერნერმა ბანკის ზარალს "სრულიად მიუღებელი" უწოდა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა გაგრძელდეს გასულ წელს დაწყებული ბანკის რესტრუქტურიზაციის პროგრამა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა ხარჯების შემცირებაზე, თანამშრომელთა 17%-ის გათავისუფლებაზე და საინვესტიციო საბანკო სამმართველოს ბანკისგან გამოყოფაზე, რაც დაკავშირებულია სკანდალებთან და რომელმაც ბოლო პერიოდში უზარმაზარი ზარალი გამოიწვია. გასულ წელს სამმართველოს ზარალმა 2,1 მილიარდ ფრანკს (2,3 მილიარდი დოლარი) მიაღწია. კერნერი Credit Suisse-ის ხელმძღვანელად გასული წლის ივლისში დაინიშნა.

კერნერის თქმით, რესტრუქტურიზაციის მიზანია ბანკის გამარტივება და ნაკლებ სფეროზე, პირველ რიგში, კერძო ქონების მართვაზე ფოკუსირება. ამავდროულად, Credit Suisse-ი 2023 წლის ბოლომდე ზარალს წინასწარმეტყველებს და 2024 წელს მოგებას ელოდება.

Credit Suisse-ის აქციები ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ 3,6%-ით დაეცა.