ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, – ამის შესახებ ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით CNN იუწყება.

დაუსახელებელი წყაროების თქმით, ისრაელმა „ჰამასს“ უკვე წარუდგინა წინადადება. საუბარია მძევლობიდან ქალების, მოხუცების და იმ პირთა გათავისუფლებაზე, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება.

ისრაელის ელჩმა აშშ-ში მაიკლ ჰერცოგმა დაადასტურა, რომ ისრაელი მზად არის, შეაჩეროს ბრძოლა, თუ ეს გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას, მაგრამ არ დაუდასტურებია, მიღწეულია თუ არა შეთანხმება: „ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, გვაქვს თუ არა შეთანხმება, რადგან აქამდე „ჰამასი“ უარს ამბობდა სხვა გარიგებაზე. ისინი იმედოვნებდნენ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე, რასაც ემატება კატარელების ზეწოლა, ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე ნაადრევია“.

მანამდე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე მძევლები აღარ გათავისუფლდებიან. 19 დეკემბერს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა თქვა, რომ ისრაელი მზად არის, კვლავ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში "ჰამასის" ტერორისტების მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

„ისრაელი მზად არის შემდგომი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება“, - განაცხადა ჰერცოგმა.