„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებას  აპირებს, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას,“ - იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მედია.

„თქვენი ხელახალი არჩევა რუსი ხალხის მიერ თქვენდამი მხარდაჭერის სრულ დემონსტრირებას ნიშნავს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მიღწევები ექნება ეროვნულ განვითარებასა და მშენებლობაში. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას და მზადაა, შეინარჩუნოს მჭიდრო კომუნიკაცია რუსეთთან, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მდგრად, ჯანსაღ, სტაბილურ და სიღრმისეულ განვითარებას,“ - განაცხადა სი ძინპინმა.

ასევე, როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, 2024 წელს, ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლისთავი აღინიშნება და ორი სახელმწიფოს მეთაური მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას გააგრძელებს.