აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორი მოსამსახურე ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, იერიში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის უკან ირანი დგას.

"სამწუხაროდ, ჩვენ დავადასტურეთ ორი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა. მომხდარი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და აგრესიის მკაფიო გამოვლინებას. ჩვენი ძალები აგრძელებენ ვითარების მონიტორინგს და მიმდინარეობს თავდასხმის დეტალების სრულყოფილი გამოძიება", – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ბაზის ინფრასტრუქტურაც. ამერიკული მხარე მომხდარს გმობს და აცხადებს, რომ აშშ საკუთარი სამხედროების და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ყველა შესაბამის ზომას მიიღებს.

ამ ეტაპზე დაღუპულთა ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, რადგან მიმდინარეობს მათი ოჯახების ინფორმირების პროცესი. ვაშინგტონიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა დამატებითი კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება აშშ-ის უშუალო საპასუხო რეაქცია.