ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. 16 დეკემბერს, 394 დეპუტატმა უარი უთხრა შოლცს ნდობაზე. სახელობითი კენჭისყრისას კანცლერს მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის 207-მა წევრმა, ხოლო 116-მა თავი შეიკავა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა - ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიულმა ბლოკმა, ასევე თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP), რომელმაც მმართველი კოალიცია დატოვა.

გარდა ამისა, კანცლერს უნდობლობა გამოუცხადეს მემარცხენე პარტიის, პოპულისტური და პრორუსული სარა ვაგენკნეხტის კავშირის (BSW) და ულტრამემარჯვენე, პრორუსული ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენლებმა.

შოლცს უნდა დაეკარგა ბუნდესტაგის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

კონსტიტუციის მიხედვით, შოლცმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პარლამენტის დათხოვნა შესთავაზა. თუ ის ჩათვლის, რომ სტაბილური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა აღარ არის, მას შეუძლია უნდობლობის გამოცხადებისთანავე დაითხოვოს ბუნდესტაგი. თეორიულად, გერმანიის პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მის განკარგულებაში 21 დღემდე აქვს.

კენჭისყრის წინ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნდობის საკითხი მხოლოდ პარლამენტის საქმე არ არის.

"ამიტომ, დღეს მე ნდობის საკითხს ამომრჩეველს ვანდობ," - განაცხადა მან. კანცლერის თქმით, მთავარი საკითხია, მზად არის თუ არა გერმანია, როგორც ძლიერი სახელმწიფო, აქტიურად ჩადოს ინვესტიციები თავის მომავალში.

მისი თქმით, ეს არის გადაუდებელი ინვესტიციები, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა და ბუნდესვერის გაძლიერება, რომელიც არ უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლის სისტემის, საპენსიო დაზღვევისა და კომუნალური ბიუჯეტის ხარჯზე.

11 დეკემბერს შოლცმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბარბელ ბასს გაუგზავნა წერილი, რომლითაც პარლამენტში მისი მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება სთხოვა.

სამთავრობო კრიზისისა და მმართველ კოალიციაში განხეთქილების გამო, მმართველი კოალიცია დაიშალა და ბუნდესტაგის არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, რომელიც 2025 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო.