ბულგარეთში, კომპანია EMCO-ს სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების სერია დაფიქსირდა.

ბულგარული მედიისა და ოფიციალური უწყებების გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თავდაცვითი კომპანია EMCO-ს ერთ-ერთ საწარმოო ობიექტზე მოხდა.

აფეთქებების შედეგად ადგილზე საგანგებო ვითარება შეიქმნა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტერიტორიაზე ძლიერი კვამლი და ცეცხლის კერები შეინიშნება.

სამაშველო და სახანძრო ბრიგადები მობილიზებულნი არიან ზონაში. საწყის ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო დაშავებულების შესახებ, ხოლო ზუსტი ზარალის ოდენობა და ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ამჟამად ზუსტდება.

კომპანია EMCO ბულგარეთში ერთ-ერთი მსხვილი თავდაცვითი საწარმოა, რომელიც საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების წარმოებითა და ექსპორტით არის დაკავებული. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები მომხდარის გამოძიებას იწყებენ.