უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ გუშინ უკრაინელების მიერ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 16. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ისაუბრა.

მისი ცნობით, დაშავებულებს შორის რუსი გენერლებიც არიან, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ბუდანოვის თქმითვე, დაშავდა შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი - ის უგონო მდგომარეობაშია.

ბუდანოვი არ ადასტურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის სავარაუდო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დაზვერვა არ საუბრობს, რომელი იარაღი გამოიყენეს თავდასხმისთვის, The Sky News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ ავრცელებს. თავდასხმის შემდეგ, უწყებამ განაცხადა, რომ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ ის დაკარგულად მიიჩნევა. როგორც რუსულმა მედიამ არაოფიციალურად დაწერა, დაშავებულია, სულ მცირე, 6 ადამიანი.