კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროს ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, კიევის ოლქის ბუჩის რაიონში რუსეთის თავდასხმისა და შემდგომი დეტონაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა საბოლოო არ იყოს. დაღუპულებს შორის არის დმიტროვკის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 42 ადამიანმა მიიღო, მათ შორის ოთხი ბავშვია; შვიდი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციის ზონიდან 381 ადამიანი, მათ შორის 59 ბავშვია ევაკუირებული.
ადგილზე გრძელდება საავარიო-სამაშველო და სახანძრო სამუშაოები, კონსტრუქციების დაშლა და ადამიანების ძებნა.
წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია დაახლოებით 50 საცხოვრებელი სახლი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ბუჩის რაიონის სოფელ მილაში მდებარე საწყობზე რუსული დარტყმის შედეგებზე, რასაც დეტონაცია მოჰყვა. მან აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არ უნდა ინახებოდეს.
პრეზიდენტის თქმით, დარტყმისა და შემდგომი დეტონაციის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა მიმდებარე ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ასევე ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი.
"ისინი, ვინც ეს დაუშვა, აუცილებლად აგებენ პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები ატარებენ წინასწარ გამოძიებას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. არსებობს ნორმები: საბრძოლო მასალა სახლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების სიახლოვეს არ უნდა იყოს. აუცილებლად გაკეთდება შესაბამისი დასკვნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს საღამოს კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ძლიერი აფეთქებები მოხდა: საწყობში ხანძარი გაჩნდა, ხოლო კიევი–ჩოპის ტრასის მონაკვეთზე (მე-15-დან 32-ე კილომეტრამდე) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
უფრო ადრე, 2026 წლის 6 ივლისს, მსგავსი ინციდენტი მოხდა კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევოეში. მაშინ რუსული დარტყმის შემდეგ საბრძოლო მასალების საწყობებში ხანგრძლივი დეტონაცია მოხდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 280-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




