გერმანიას არ შეუძლია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „პეტრიოტის“ უკრაინისთვის მიწოდება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის კრიტიკულად შესუსტების საფრთხეს ქმნის.

„მიწოდება, განსაკუთრებით „პეტრიოტის“ სისტემების, სირთულეებით მიმდინარეობს. გერმანიამ უკვე მიაწოდა მათ რამდენიმე სისტემა და მრავალი მართვადი რაკეტა. ახლა მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ახლა რასაც გადავცემთ, დროებით ვერ შევძლებთ მის კომპენსირებას. ეს ჩვენს თავდაცვაში შექმნის ხარვეზებს, რომელთა საშუალებაც არ გვაქვს“, – აღნიშნა პისტორიუსმა ინტერვიუში.

მისი განმარტებით, სხვა ქვეყნებმა „მნიშვნელოვნად მცირე წვლილი შეიტანეს“, ამიტომ ბერლინი პარტნიორებისგან უფრო აქტიულ ქმედებებს ელოდება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს საკითხი დეტალურად უნდა განიხილონ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

პისტორიუსმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამავდროულად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს,  მოსკოვი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს.

„მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეძლებს ომის მიმდინარეობის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას ზამთარში, სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო დარტყმებით. ადგილზე რუსეთის შეიარაღებული ძალები პროგრესს ვერ აღწევს და მათი დანაკარგები კოლოსალურია – თვეში 30 000-დან 40 000-მდე ჯარისკაცი“, – დასძინა ბორის პისტორიუსმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანია კვლავ რჩება უკრაინის უმსხვილეს ევროპელ დონორად. გერმანიის ფედერალური მთავრობის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბერლინმა კიევს დაახლოებით 43.3 მილიარდი ევროს ჰუმანიტარული დახმარება და 57.6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუგზავნა (მათ შორის მომავალი წლებისთვის განკუთვნილი თანხები).