ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი თვლის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს.
"ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ ვლადიმირ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს, განსაკუთრებით კი ევროპაში.
ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში უკვე ვნახეთ. ევროპის გარდა, თუ ჩვენ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ვერ დავეხმარებით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც გლობალურად ხელს ვუწყობდით, ჩამოინგრევა", - ხაზს უსვამს ბორელი.
მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ევროპისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ "გაღვიძებასა და მოქმედებისთვის საწოლიდან წამოდგომას შორის განსხვავება არსებობს".
"როგორ ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის აგრესიამ ევროპაში ბევრი გამოაღვიძა, მაგრამ ჯერ საწოლიდან არ წამომდგარან“, - დასძენს ბორელი.